ინდმეწარმე/მცირე ბიზნესი თუ შპს – რთული არჩევანის მარტივი ლოგიკა
გადაწყდა, ბიზნესს იწყებ! იდეა არის, გეგმები არის, შემართებაც – არის…და აი, დგები პირველი საგადასახადო-იურიდიული გამოწვევის წინაშე – ფიქრობ, ფიქრობ და ვერ მოგიფიქრებია, რომელი სამართლებრივი ფორმა შეარჩიო: გახდე ინდივიდუალური მეწარმე (ინდმეწარმე) და მიიღო მცირე ბიზნესის სტატუსი, თუ დააფუძნო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
შპს თუ ინდმეწარმე? ამ კითხვას ყველაზე ხშირად სვამენ დამწყები ბიზნესის მფლობელები და ამ ორიდან ერთი ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. შესაბამისად, კითხვაც დაგრძელდა – შპს თუ ინდმეწარმე, თუ ინდმეწარმე მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსით?
ორივე ვარიანტს აქვს რეალური უპირატესობები, მაგრამ სწორი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ბიზნესის მასშტაბი, გუნდის ზომა და გრძელვადიანი გეგმები.
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ორივე სტატუსს – გადასახადებს, პასუხისმგებლობას და პრაქტიკულ მაგალითებს იმისთვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.
რას არის ინდმეწარმის სტატუსი და რა საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობს ის?
ინდმეწარმის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით. გამონაკლისია საცხოვრებლის ან ავტოტრანსპორტის გაქირავება, რომელიც 5 პროცენტით იბეგრება.
თავად დასაბეგრი შემოსავალი კი წარმოადგენს სხვაობას კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ჯამურ შემოსავალსა და გამოქვითვების თანხებს შორის.
თუმცა, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს ორი განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმით:
- მიკრო ბიზნესის სტატუსი – 0%-იანი საშემოსავლო გადასახადი წლიურ ბრუნვაზე 30,000 ლარამდე. იდეალურია დამწყებებისთვის, ფრილანსერებისა და მცირე ღირებულების მომსახურების მიმწოდებლებისთვის.
- მცირე ბიზნესის სტატუსი – 1%-იანი გადასახადი წლიურ ბრუნვაზე 500,000 ლარამდე. 3% – 500 000 ლარის ზევით ბრუნვაზე.
ორივე სტატუსის მისაღებად, საჯარო რეესტრის მიერ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულმა პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა საქმიანობა არ ექვემდებარება მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსს. მათ შორის, კონსულტაცია ნებისმიერი სახის, სამედიცინო, არქიტექტურული და იურიდიული მომსახურება, ლიცენზირებადი მომსახურებები, აქციზური საქონლის წარმოება, სავალუტო ოპერაციები, სათამაშო ბიზნესი, პერსონალით უზრუნველყოფა, გამორიცხულია დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალიდან.
ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ 500 000 ლარიან ზღვარს. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმეებისთვის ზღვრის გადაჭარბება დროულად რეაგირებას მოითხოვს, რადგან:
- 500,000 ლარის ზევით ბრუნვაზე მოქმედებს დაბეგვრის 3%-იანი განაკვეთი
- ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ზღვრის გადაჭარბება იწვევს სტატუსის ავტომატურ გაუქმებას მესამე წლის 1 იანვრიდან.
როგორც წესი, ეს ის შემთხვევაა ხოლმე, როცა მცირე ბიზნესის სტატუსი შპს-დ ტრანსფორმაციას მოითხოვს და ამ პროცესში პროფესიონალი ბუღალტრის ჩართვა ხარჯებს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.

რა არის შპს და “ესტონური მოდელი” ?
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოში იბეგრება ე.წ. ესტონური მოდელით – მეწარმისადმი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული საგადასახადო რეჟიმით მსოფლიოში.
ამ მოდელის მიხედვით, კომპანიის მოგება, როგორც წესი, არ ვიდრე ის არ გადანაწილდება (ან ჩაითვლება გადანაწილებულად), ხოლო სტანდარტული განაკვეთია 15%, რომელიც გამოიყენება გადანაწილებულ მოგებაზე.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს:
- დაუნაწილებელი მოგება = 0% გადასახადი. შეგიძლიათ მთელი მოგება ხელახლა ჩადოთ ბიზნესში – აყვანოთ თანამშრომლები, შეიძინოთ აღჭურვილობა, გააფართოვოთ საქმიანობა და კორპორატიული გადასახადი არ გადაიხადოთ.
დივიდენდის გაცემისას 15%-იანი გადასახადი ერიცხება გადანაწილებულ თანხას, ხოლო აქციონერი დამატებით იხდის 5%-იან დივიდენდის გადასახადს წმინდა თანხაზე.
რა შემთხვევაში ავირჩიოთ ინდმეწარმის სტატუსი
ინდმეწარმის სტატუსი მცირე ბიზნესის საგადასახადო რეჟიმით ხშირად საუკეთესო არჩევანია, თუ:
- მუშაობთ დამოუკიდებლად – ფრილანსერად ან მომსახურების მიმწოდებლად
- თქვენი წლიური ბრუნვა არ აღემატება ან ახლო მომავალში არ გადააჭარბებს 500,000 ლარს
- გსურთ მაქსიმალურად მარტივი ადმინისტრირება მინიმალური ბიუროკრატიით
- თქვენი საქმიანობა არ ხვდება დაშვებული საქმიანობების გამონაკლისებში (კონსულტაცია, სამედიცინო, იურიდიული და ა.შ.)

როდის ავირჩიოთ შპს
შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს დაფუძნება უფრო შესაფერისია, თუ:
- გეგმავთ გუნდის აყვანას და თანამშრომლების რაოდენობის ზრდას
- გსურთ ინვესტორის მოზიდვა ან საერთაშორისო კლიენტებთან ფორმალური კონტრაქტების გაფორმება
- თქვენი მოგება მნიშვნელოვნად აღემატება 500,000 ლარს ან მალე გადააჭარბებს ამ ზღვარს
- გსურთ პირადი ქონების დაცვა ბიზნესის ვალდებულებებისგან
- გეგმავთ მოგების დიდი ნაწილის რეინვესტირებას ზრდაში, და არა დივიდენდის სახით გატანას
რისკები: ინდმეწარმე vs შპს
ერთია საგადასახადო რეჟიმები და მათი შედარება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რისკები, რომლებიც თან ახლავს თითოეულ სტრუქტურას. ხშირად სწორედ ეს რისკები განსაზღვრავს, თუ რომელი ვარიანტი შეესაბამება თქვენს რეალურ სიტუაციას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ინდმეწარმის (მცირე ბიზნესის) რისკები
- შეუზღუდავი პირადი პასუხისმგებლობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ინდმეწარმეს არ აქვს სამართლებრივი გამიჯვნა პირად და ბიზნესის ქონებას შორის – ბიზნესის ვალის, სასამართლო დავის ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორებს შეუძლიათ მოითხოვონ თქვენი პირადი ქონება: დანაზოგი, ავტომობილი, უძრავი ქონება.
- სტატუსის დაკარგვის რისკი. მცირე ბიზნესის სტატუსი არ არის სამუდამოდ გარანტირებული. 500,000 ლარის ზღვრის ორჯერ ზედიზედ გადაჭარბება იწვევს სტატუსის ავტომატურ გაუქმებას, ხოლო გარკვეული საქმიანობები საერთოდ გამორიცხულია. თუ თქვენი საქმიანობა თანდათან შეიცვლება ასეთი მიმართულებით, შესაძლოა სტატუსი დაკარგოთ თითქმის გაფრთხილების გარეშე.
- თანამშრომლების აყვანის შეზღუდვა. მაგალითად, მცირე მეწარმეს მიკრო ბიზნესის სტატუსით თანამშრომლების დაქირავება ეკრძალება, ხოლო მცირე ბიზნესის შემთხვევაში, თანამშრომლების აყვანამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სტატუსზე. ამდენად, თუ თქვენი ზრდის გეგმა გუნდის შექმნას მოიცავს, ინდმეწარმის სტატუსი შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი გახედეს.
- გადასახადი ბრუნვაზე და არა მოგებაზე. 1%-იანი განაკვეთი ესადაგება მთლიან ბრუნვას და არა წმინდა მოგებას. დაბალმარჟიანი ან მაღალხარჯიანი ბიზნესისთვის ეს პრაქტიკაში შესაძლოა უფრო მაღალ ეფექტურ განაკვეთს ნიშნავდეს რეალურ მოგებაზე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
შპს-ის რისკები
- უფრო მაღალი ეფექტური გადასახადი მოგების გატანისას. 15%-იანი კორპორაციული გადასახადი + 5% დივიდენდის გადასახადი ჯამში 20%-იან ეფექტურ განაკვეთს იძლევა თანხის რეალურად გატანისას – თუ თქვენი მიზანია შემოსავლის რეგულარულად გატანა და არა რეინვესტირება, შპს შესაძლოა უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე მცირე ბიზნესის სტატუსი.
- მეტი ადმინისტრაცია, მეტი ბუღალტერია. შპს-ს სჭირდება სრულყოფილი ბუღალტერია, ფინანსური ანგარიშგება და მეტად ანგარიშვალდებულია, ვიდრე ინდმეწარმე, თუმცა ბუღალტერიის გამარტივება შესაძლებელია.
- ლიკვიდაციისა და დახურვის ხარჯები. შპს-ის დახურვა უფრო შრომატევადი და ნელი პროცესია, ვიდრე ინდმეწარმის რეგისტრაციის გაუქმება. თუ ჯერ ბიზნეს იდეის სატესტო პერიოდი გაქვთ, შესაძლოა მარტივი გამოსვლის გზა გიჯობდეთ წარუმატებლობის შემთხვევაში.
მაინც რომელი?
არც ერთი სტრუქტურა არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო ან აბსოლუტურად რისკიანი – თითოეული რისკი აქტუალობას იძენს ბიზნესისთვის ტიპის და საქმიანობის გათვალისწინებით. მცირე, დაბალრისკიანი, ერთპიროვნული საქმიანობისთვის ინდმეწარმის სტატუსის ნაკლები ადმინისტრაცია ხშირად გადაწონის შპს-ს პასუხისმგებლობის რისკს. ზრდაზე ორიენტირებული, გუნდის მქონე ან კაპიტალტევადი ბიზნესისთვის კი შპს-ის დამატებითი ხარჯები უფრო გამართლებულია მასშტაბირების შესაძლებლობით.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია მოგვიანებით შევცვალო ინდმეწარმის სტატუსი და გავხდე შპს?
დიახ, ბიზნესის ზრდასთან ერთად, ბევრი მეწარმე გადადის ინდმეწარმის სტატუსიდან შპს-ის სტრუქტურაზე. მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმვა, რადგან გადასვლას თან ახლავს გარკვეული ადმინისტრაციული და საგადასახადო ნიუანსები.
შპს ავტომატურად იხდის 15%-იან გადასახადს? არა – 15% ერიცხება მხოლოდ გადანაწილებულ (დივიდენდის სახით გატანილ) მოგებას. თუ მოგებას ბიზნესში ტოვებთ და რეინვესტირებას აკეთებთ, ის გადასახადით არ იბეგრება.
შეუძლია თუ არა უცხოელს დააფუძნოს შპს ან მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოში? დიახ. საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს რეზიდენტობას ამ სტატუსების მისაღებად, რაც ქვეყანას განსაკუთრებით პოპულარულს ხდის უცხოელ მეწარმეებსა და ექსპატებს შორის.
რომელი სტატუსია უფრო ხელსაყრელი გადასახადების თვალსაზრისით?
ეს დამოკიდებულია ბიზნეს მოდელზე. მცირე ბრუნვისა და დაბალი ხარჯების მქონე ინდივიდუალური მომსახურებისთვის 1%-იანი რეჟიმი ხშირად უფრო მომგებიანია. ზრდაზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის კი შპს შესაძლოა სტრატეგიულად გაცილებით ხელსაყრელი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
გჭირდებათ დახმარება სწორი სტრუქტურის შერჩევაში?
საბოლოოდ, ინდმეწარმესა და შპს-ს შორის არჩევანი დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის კონკრეტულ სპეციფიკაზე – ბრუნვაზე, გუნდზე, ზრდის გეგმებზე და გრძელვადიან მიზნებზე. Countman დაგეხმარებათ თქვენს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით იმ სტრუქტურის შერჩევაში, რომელიც რეალურად შეესაბამება თქვენს გეგმებს და ბუღალტერიასაც გაგიმარტივებთ.
