ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვა: რა იცვლება და როგორ გამოვწეროთ ელექტრონული აქტი
1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის მიერ ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას ქაღალდის დოკუმენტაციის ჩანაცვლებას ელექტრონული შესყიდვის აქტით. შესაბამისად, შპს-ს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, მოუწევს შემოსავლების სამსახურის პორტალზე თავად დააგენერიროს შესყიდვის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც გამყიდველმა ფიზიკურმა პირმა უნდა დაადასტუროს.
მაგალითად, თუ ვიმსჯელებთ სოფლის მეურნეობის დარგზე, სადაც კომპანია შესაძლოა ყიდულობდეს ყურძენს ფიზიკური პირისგან, ის ვალდებული ხდება შესყიდვის ელექტრონული აქტი გამოწეროს, ხოლო ყურძნის მიმწოდებელმა ეს დოკუმენტი დაადასტუროს რამდენიმე ფორმით, რასაც ქვემოთ განვმარტავთ.
ამასთან, მყიდველმა შესყიდვის აქტი ელექტრონული ფორმით უნდა დააგენერიროს საკუთარი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან
არაუგვიანეს შესყიდვის განხორციელების თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა.
ვინ უნდა გამოწეროს შესყიდვის ელექტრონული აქტი?
ვალდებულება ეხება შემსყიდველ მხარეს, რომელიც ფიზიკური პირისგან შეისყიდის საქონელს, რადგან სასაქონელო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულად გამოწერა RS.ge პორტალის არმქონე ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ.
იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ფიზიკური პირისგან არა საქონლის, არამედ მომსახურების შესყიდვაზე, ასეთ დროს ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა სავალდებულო არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში – შესაძლებელია.
გარდა ამისა, არის გამონაკლისებიც. კომპანიას/ინდივიდუალურ მეწარმეს ფიზიკური პირისგან შესყიდულ საქონელზე ელექტრონული აქტის გამოწერა არ მოეთხოვება იმ შემთხვევაში, თუ შესიყიდვის ობიექტს წარმოადგენს:
- ისეთი საქონელი, რაზეც საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხდება შესაბამის უწყებაში (ავტომობილი, უძრავი ქონება)
- ხე-ტყე, რომელიც შესაბამის აღრიცხვას ექვემდებარება
რას მოიცავს ახალი ფორმის ელექტრონული შესყიდვის აქტი?
ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვისას მყიდველის მიერ გენერირებულ შესყიდვის დოკუმენტში ასახული უნდა იყოს:
- საქონლის შესყიდვის ადგილი და თარიღი
- გამყიდველი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ტელეფონის ნომერი
- საქონლის დასახელება, რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება
- ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი, უნაღდო ან შერეული)
- ანაზღაურების მდგომარეობა შესაბამისი თანხის მითითებით
მას შემდეგ, რაც აქტი ელექტრონულად გამოიწერება მყიდველის მხრიდან, ის უნდა დაადასტუროს ან უარყოს გამყიდველმა ფიზიკურმა პირმა, ტელეფონზე გაგზავნილი SMS კოდით ან სპეციალური ბმულით.
ამ შემთხვევაში, შესყიდვის აქტის დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია შესყიდვის განხორციელების თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში დოკუმენტი არ დადასტურდა, მას მიენიჭება ვადაგასული-გადაგზავნილის სტატუსი.

რა ხდება ახალი წესის დარღვევის შემთხვევაში?
თუ კომპანია 1 დეკემბრიდან ფიზიკური პირისგან შესყიდულ საქონელზე შესყიდვის ელექტრონულ აქტს განსაზღვრულ ვადაში არ გამოწერს, მისი შესყიდვის ოპერაცია ჩაითვლება დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრება.
თუ კომპანია ესტონური მოდელის დაბეგვრის რეჟიმში ხვდება, მისი დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნეული შესყიდვის ოპერაცია დაიბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით, ხოლო სხვა შემთხვევაში – იმის გამო, რომ ეს ხარჯი ვერ გამოიქვითება წლიური მოგებიდან, გაზრდილი მაჩვენებელი დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით.
ამასთან, მართალია, მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, როგორც წესი, დაუდასტურებელი ხარჯები დაბეგვრის ვალდებულების წინაშე არ აყენებთ, თუმცა რიგ შემთხვევებში, ხარჯის დოკუმენტის არქონამ, შესაძლოა პრობლემა მაინც შექმნას.
თუ გაქვთ ბიზნესი და შეისყიდით საქონელს ფიზიკური პირისგან, ხოლო შესყიდვის დოკუმენტის გამოწერის ამ ახალმა წესმა დაგაბნიათ ან გაქვთ დამატებითი კითხვები, მოგვმართეთ და ანდეთ თქვენი ბუღალტერია პროფესიონალებს. Countman-ის გუნდი მუდამ მზად არის თქვენს დასახმარებლად.
