ჯარიმები არაჯეროვან საპენსიო შენატანებზე: რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა – სრული გზამკვლევი 2026
თუ გაქვთ ბიზნესი და გყავთ თუნდაც ერთი დაქირავებით დასაქმებული, რომელსაც საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია, ესე იგი ავტომატურად ხართ ქვეყნის საპენსიო სქემის მონაწილე და მოგეთხოვებათ, ყოველთვიურად გადარიცხოთ საპენსიო ფონდში თქვენ მიერ დასაქმებული პირის ხელფასის 2% და დაამატოთ თქვენ მიერ გადასახდელი კიდევ 2%.
რამდენადაც ერთი შეხედვით მარტივად გამოიყურება ეს პროცესი, იმდენად სულაც არ არის მარტივი ბუღალტერიის გადმოსახედიდან. სინამდვილეში, ეს ყველაზე პრობლემური საკითხია ქართული კომპანიების დიდი ნაწილისთვის და ამას ცხადად ადასტურებს ბოლოდროინდელი სტატისტიკაც.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 7 მილიონამდე ლარის ჯარიმა დაეწერათ კომპანიებს, ვინც არაჯეროვნად გადარიცხეს საპენსიო ფონდში დასაქმებულთა ხელფასის 2%-იანი საპენსიო შენატანი + საკუთარი 2%-იანი კონტრიბუცია.

საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს, საპენსიო ფონდმა გაამკაცრა კონტროლი იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად/სწორად რიცხავენ დამსაქმებლები საპენსიო შენატანებს საპენსიო ფონდში. შედეგად კი, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ მიზეზით ბიზნესის დაჯარიმების მაჩვენებელი.
საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული, განმეორების შემთხვევაში კი – 1 000 ლარი. თანაც, ჯარიმის გადახდა არ აუქმებს მიზეზს, ანუ დამსაქმებელს კვლავ დასაზუსტებელი აქვს დეკლარაცია, რომ შემდგომ ჯერზეც არ დაჯარიმდეს.
საგულისხმოა, რომ საქმე მაინდამაინც იმასთან არ გვაქვს, რომ ბიზნესი მიზანმიმართულად არღვევს ვალდებულებას. ხშირად, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი ის ფაქტი ხდება, რომ ბიზნესი დეკლარაციას არასწორად ავსებს, ან ტექნიკურ შეცდომას უშვებს, რასაც თან ერთვის სინქრონიზაციის ნაკლებობა საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის სისტემებს შორის.
ამ ბლოგში განვმარტავთ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მცირე და საშუალო კომპანიებმა და ასევე იმასაც, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბუღალტერია პროფესიონალებს ანდოთ, ამ ტიპის ჯარიმების თავიდან ასარიდებლად.
როგორ მოწმდება საპენსიო შენატანები

დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების მონიტორინგისთვის საპენსიო სააგენტო შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა ბაზას ადარებს კომპანიების მიერ უშუალოდ სააგენტოსთგვის ყოველთვიურად წარდგენილ დეკლარაციებს და სწორედ აქ იჩენს თავს მთავარი პრობლემაც: ნებისმიერი წარმოქმნილი უზუსტობა შეიძლება გახდეს კომპანიის დაჯარიმების საფუძველი. მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ დამსაქმებელმა, ერთი შეხედვით ყველაფერი სწორად დაადეკლარირა და საპენსიო შენატანიც კეთილსინდისიერად გადარიცხა.
საქმე იმაშია, რომ საპენსიო შენატანი დეკლარირდება საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურის პირადი გვერდზე. აღნიშნული დეკლარირებისას, სისტემა ავტომატურად აგენერირებს თანხას, რომელიც გადასახადის გადამხდელმა უნდა გადარიცხოს საპენსიო შენატანის სახით საპენსიო ფონდში, თუმცა გადარიცხვისას, ტექნიკური მიზეზით გამოწვეული რამდენიმე თეთრიანი სხვაობაც კი შეიძლება გახდეს 500-ლარიანი ჯარიმის მიზეზი, რადგან უზუსტობის გამო, უშუალოდ საპენსიო სააგენტოს სისტემაში დეკლარაცია ვერ იხურება.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ თუ სისტემატურად არ ამოწმებს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდს, ამის შესახებ დამსაქმებელმა შესაძლოა ძალიან გვიან შეიტყოს – როცა ჯარიმაც დარიცხულია და უკვე, საურავიც. კომპანიისთვის, რომელსაც არაერთი დასაქმებული ჰყავს, ამ ცდომილებამ შესაძლოა თვეები გასტანოს და შედეგად, ბიზნესი იღებს დაგროვილ ვალს, დარიცხულ ჯარიმას და საურავს, რაც ცოტა არ არის.
რატომ და როგორ ხდება დაჯარიმება
საპენსიო სააგენტოს სისტემა ავტომატურად აგენერირებს 500-ლარიან ჯარიმას, რომელიც ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებაზე ორმაგდება და ეს განსაკუთრებით პრობლემურია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ ბუღალტერი. ხშირად, ასეთი კომპანიები დარიხული ჯარიმა-საურავების შესახებ მხოლოდ დაყადაღების ეტაპზე იგებენ.
საქმე იმაშია, რომ წინა პერიოდის დეკლარაციების დაზუსტებისას, სისტემა გადამხდელს ძირითად დავალიანებას უჩვენებს, მაშინ როცა დარიცხულ საურავს ავტომატურად არ ითვლის. შესაბამისად, ხშირად, გადამხდელი იხდის მხოლოდ ძირითად თანხას და მხედველობიდან რჩება, რომ ამ თანხის ნაწილს საურავი წაიღებს, რაც დანაკლისს წარმოქმნის.
შედეგად, ძირითად შენატანზე დანაკლისი წარმოიქმნება, რასაც სააგენტოს პროგრამული ალგორითმი დარღვევად აღიქვამს. თანაც, ჯარიმა არა ერთჯერადად, არამედ ყოველ შემდგომ თვეზე იწერება, ანუ იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელმა დეკლარაცია 6 თვის წინ დააზუსტა, ეს დანაკლისი ყველა თვეზე გადადის და ამრიგად, რამდენიმე ლარიანი დანაკლისის გამო დარიცხულმა ჯამურმა ჯარიმამ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა 100 ათას ლარსაც კი მიაღწიოს, კომპანიის ზომის და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით.

კარგი ამბავი ის არის, რომ კეთილსინდისიერ გადამხდელებს, ვისაც სისტემური თუ ტექნიკური ხარვეზის გამო დაერიცხა ჯარიმა საპენსიო შენატანების არაჯეროვან გადახდაზე, ეს გადაწყვეტილება შეუძლიათ გაასაჩივრონ საპენსიო ფონდში. თუმცა, საჩივრის წარდგენა აჩერებს მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის სააღსრულებო წარმოებას.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამ ტიპის პრობლემების, ჯარიმების და თანმდევი პროცედურების თავიდან არიდება შესაძლებელია, სწორი ბუღალტერიით. კომპანიებს, ვინც ბუღალტერიას იმარტივებს Countman-ის დახმარებით, ამ ტიპის პრობლემებზე ზედმეტი ძალისხმევა და დამატებითი თანხები ჯარიმა-საურავებზე არ ეხარჯებათ.
რატომ არის ბუღალტრული მომსახურება გადამწყვეტი ჯარიმის ასარიდებლად
საპენსიო შენატანებში მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ წესები ძალიან რთულია, არამედ ის, რომ ახლა მათი გადახდა ისევე კონტროლდება, როგორც მაგალითად საშემოსავლო გადასახადი, თუმცა არაერთი კომპანია ამ საკითხს ჯერ კიდევ უფრო ნაკლებ მნიშვნელოვნად აღიქვამს, ვიდრე საგადასახადო დეკლარირებას. რომ აღარაფერი ვთქვათ, საკითხის ტექნიკურ მხარეზე და სწორ დეკლარირებაზე.
სწორედ ამიტომ, აუთსორს ბუღალტერია საუკეთესო გამოსავალია იმისთვის, რომ ნებისმიერი მცირედი დეტალიც კი ზუსტად იყოს დეკლარირებული და გადამოწმებული, ხოლო ყველა ტიპის გადასახადი – დროულად გადახდილი იმისთვის, რომ ბიზნესი არ დაჯარიმდეს და ამის გამო დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოუხდეს.
სწორედ ამაშია ბუღალტრული მომსახურების მთავარი ღირებულება: ამით ბიზნესი არამხოლოდ დროს ზოგავს, არამედ ფულსაც – რომელიც შეუძლია ბიზნესის განვითარებაზე მიმართოს ჯარიმა-საურავების ნაცვლად. ნუ დაელოდებით ჯარიმის დარიცხვას, დაჯავშნეთ კონსულტაცია და გაიმარტივეთ ბუღალტერია Countman-ის დახმარებით.
ხშირად დასმული კითხვები
რა მოხდება, თუ საპენსიო შენატანის ვადა დავარღვიე? იწყება საურავის დარიცხვა გადაუხდელ თანხაზე, ხოლო თუ საპენსიო სააგენტო დაადგენს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა, დაგეკისრებათ 500-ლარიანი ჯარიმა პირველ დარღვევაზე, 1000-ლარიანი – განმეორებაზე.
როგორ დავაზუსტო, აქვს თუ არა ჩემს კომპანიას გადაუხდელი ან არასწორად დეკლარირებული საპენსიო შენატანები? სახელფასო ჩანაწერების, საპენსიო სააგენტოს დეკლარაციების და ყოველთვიურად გადარიცხული თანხების შედარების საფუძველზე. თუ ეს შედარება აქამდე არასდროს გაკეთებულა, გონივრული იქნება პროფესიონალმა ბუღალტერმა თქვენი ისტორია გადაამოწმოს, ვიდრე საპენსიო სააგენტო აღმოაჩენს დარღვევას.
ნიშნავს თუ არა საპენსიო დეკლარაციის წარდგენა შენატანის გადახდას? არა. დეკლარირება და თანხის გადარიცხვა განცალკევებული ვალდებულებებია. დეკლარაციის დროულად წარდგენა ვალდებულებას არ აუქმებს, თუ ფაქტობრივი გადახდა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე არ განხორციელებულა.