Countman ბაზარზე ახალი საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურების ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
კომპანიის მისია იმ მცირე, საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ნეგატიური გამოცდილებისგან გათავისუფლებაა, რომლებისთვისაც კომპანიასთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების წარმოება რთულ, კომპლექსურ პროცესთანაა დაკავშირებული, რაც სამომავლოდ მთავარი მიზნებისკენ სწრაფვასა და განვითარებაზე ფოკუსირებას ართულებს.
Countman-მა, როგორც ცალკეულმა კომპანიამ, ოპერირება სულ ახლახან დაიწყო. ბრენდზე თაკო სულაქველიძემ იმუშავა, რომელიც არაერთი ბრენდ სტრატეგიის შემქმნელი და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის – Parsons School of Design-ის კურსდამთავრებულია.
ამ სტატიაში Countman-ს ბრენდ სტრატეგიის შემქმნელისგან უკეთ გაიცნობ.
რატომ რებრენდინგი
Countman-მდე კომპანია “ბი ჯგუფის” სახელით ოპერირებდა. მათი ექსპერტიზა ბიზნესის ინჟინერიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საფინანსო სერვისს მოიცავს, როგორიცაა მაგალითად, ბიზნეს რისკების შეფასება და სადაზღვევო მიმართულება. ამ მხრივ კომპანია უკვე არაერთი წელია მნიშვნელოვნად ვითარდება საქართველოს ბაზარზე უნიკალურ, მულტისერვისულ მომსახურებას სთავაზობს სადაზღვევოებს. ამ მიმართულებების აუდიტორია განსხვავებული ბიზნესები არიან როგორც ზომით, ისე საქმიანობის სფეროთი. დავინახეთ საჭიროება, შეგვექმნა ახალი ბრენდი, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს უფრო უშუალოდ და კონცენტრირებულად შესთავაზებდა მათზე მორგებულ სერვისს.
მცირე და საშუალო მეწარმეების აუდიტორია გამოირჩევა ნაკლებად კორპორატიული, უფრო საქმეზე ორიენტირებული და უშუალო ხასიათით.
Countman-ის კლიენტების უმრავლესობა არიან ადამიანები, რომლებმაც სტაბილურ, კორპორატიულ კარიერას ამჯობინეს საკუთარი შეექმნათ. ასეთი ბიზნესები ხშირად ერთი ადამიანის, სამეგობრო ან პროფესიული ვიწრო წრის წამოწყებაა, მცირე გუნდითა და შეზღუდული, კარგად გაწერილი ბიუჯეტით. მათ დამფუძნებლებს სამუშაო დღის განმავლობაში მრავალი როლის მორგება უწევთ, და ხშირ შემთხვევაში, ბუღალტერია მათი საქმის ყველაზე ნაკლებად საყვარელი და უსიამოვნო ნაწილია.
Countman-ი ასეთ ადამიანებს საშუალებას აძლევს, საკუთარი დრო და ენერგია საყვარელი საქმის კეთებისკენ მომართონ და დისტანციურად ჰყავდეთ პირადი ბუღალტერი, რომელსაც ზურგს უმაღლესი კვალიფიკაციის კომპანიის გუნდი უმაგრებს.
Countman, როგორც ბრენდი არის…
Countman-ის მისიაა გავათავისუფლოთ მცირე და საშუალო მეწარმეები საბუღალტრო პრობლემებისგან და შევმატოთ თავდაჯერებულობა კარგად გათვლილი, გამართული და ხაზზე მყოფი აღრიცხვის სისტემის დანერგვის გზით.
ბრენდის მთავარი ღირებულებები მოქნილობასა და საქმისადმი თავდადებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმია.
ბრენდის ატრიბუტების განუყოფელი ნაწილია თანამშრომლობა, რომელშიც ეს კომპანია შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწინავეა ქართულ ბაზარზე, რადგან სხვა ბუღალტრებისგან განსხვავებით, Countman-ის კადრები მუდამ ხაზზე არიან და წარმატების ფინანსურ მეტრიკებზე დაფუძნებით, კლიენტის ბიზნესის გამართულ განვითარებას უზრუნველყოფენ.
Countman-ი ერთგვარი “Inglorious” სუპერგმირია, რომელიც ბუღალტერიას თავიდან გარიდებს და ღამით მშვიდად ძილის საშუალებას გაძლევს. სახელი და ლოგო თვლას, ანგარიშს – კომპანიის ძირითად საქმიანობას გამოხატავს. სლოგანი “გაიმარტივე ბუღალტერია” კი პირდაპირ და ლაკონიურად გადმოსცემს ბრენდის შეთავაზებასა და დაპირებას.
ლოგოზე ელდარ ხალიბაურმა იმუშავა და შერჩეული კონცეფციით, ვფიქრობთ ძალიან კარგად გაართვა თავი ბრენდის თანამედროვე და მარტივი ფორმებით გამოსახვას.
2 თვე სრულყოფილებამდე
რებრენდინგის პროცესი დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მოიცავდა ბრენდის პლატფორმის შექმნას, სახელის, ლოგოს, თეგლაინისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას.
პირველი ოთხი კვირის განმავლობაში პროდუქტისა და ბაზრის გაცნობასთან ერთად, რამდენიმე ვორქშოპი ჩავატარეთ, იმისთვის რომ გამოგვეკვეთა ბრენდის პოზიციონირება, არსი, და ღირებულებები.
ამ ეტაპზე შევიმუშავეთ ბრენდის პლატფორმის “დრაფტი”, რომელსაც მეორე ეტაპზე, თვისობრივი კვლევით მიღებული ინსაითების საფუძველზე ვაკორექტირებდით და საბოლოოდ თეგლაინისა და სახელის შერჩევამ შეკრა სრული პროცესი. განსაკუთრებით საინტერესო იყო მომხმარებლებთან ინტერვიუები და მათი პერსონების გაცნობა.
საკმაოდ ინტენსიური და ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ ბრენდის სახელზე მუშაობისას. სტანდარტული მიდგომისგან განსხვავებით, ბრეინშტორმინგში დამფუძნებლების გუნდი სრულად იყო ჩართული. რვა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრისას ემოციური ასოციაციებისა და სახასიათო ნიშნების საფუძველზე ვცდილობდით სიტყვებით თამაშს, საინტერესო კომბინაციების მოფიქრებას. ბოლოს რამდენიმე ფავორიტი სახელიდან საუკეთესო რომ აგვერჩია, კითხვარის ფორმით ჩავატარეთ ხმის მიცემა, სადაც დამფუძნებლების გარდა უკვე კომპანიის თანამშრომლები ჩავრთეთ. შეძლება ითქვას, რომ ეს ბრენდი Countman-ის ბუღალტრებმა თავად შექმნეს, რადგან წვლილი ყველა თანამშრომელს ჰქონდა პროცესში.
ბრენდ სტრატეგის თვალით დანახული Countman-ი
ჩემთვის, როგორც ბრენდის სტრატეგისთვის, ბრენდის შექმნისას მთავარი ამოცანა არის, რომ საბოლოო პროდუქტი ზუსტად გამოხატავდეს კომპანიის არსს და კომპანიის გუნდს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს “სახე” მათია. ამ კუთხით, ვფიქრობ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი.
ამას გარდა, მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ პროექტით არ დასრულებულა, თუმცა სამომავლო საქმიანობაში როლებს გავცვლით და ამჯერად უკვე მე ვიქნები Countman-ის კლიენტი.